მეუფე იაკობი: ვინ თქვა, რომ კურსს გადავუხვიეთ? ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესაშვებები, ისე ვიქცევით

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, პატრიარქი და სინოდი ქვეყნის დასავლურ კურსს უჭერენ მხარს. ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა.
მეუფე იაკობი მეუფე ანტონის რამდენიმე დღის წინ გაკეთბულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს იმ კაცს? უბრალოდ, იმან ის აღნიშნა, როგორც ვიქცევით, როგორ საძაგლადაც ვიქცევით. სირცხვილია ჩვენ რომ შევიდეთ, ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესაშვებები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ? მეუფე ანტონი კი არა, სამი და ოთხი ეპისკოპოსი რომ იყოს, ჯვარი სწერიათ, პოლიტიკას შეგვაცვლევინებენ, ჩვენ, ეკლესიას? პატრიარქმაც განაცხადა, სინოდმაც დასავლეთის კურსი და ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ. არ შეიძლება, ფულის გამო სული, ქვეყანა და ერი გაყიდოთ. ეკლესიას მაინც ვერაფერს დააკლებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსნებთ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს საგარეო კურსზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

“მებადება ეჭვი,  ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და, ალბათ, სინოდში დავსვამ ამ საკითხს,  ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და ხელახლა ვკითხოთ ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა? კისერში ამოვიდა მათი ყოველდღე ეკლესიის ლანძღვა. ჩვენი სიჩუმე მათ უფრო აქეზებს, ამიტომ უნდა დავიწყო სათანადო ზომების მიღება, სათითაოდ ჩამოვუვლი ყველა მღვდელმთავარს და უნდა ვთქვათ, რომ უნდა გადავხედოთ ჩვენ ჩვენს მდგომარეობას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები