ირმა ჭკადუა: ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა
“ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა”,- ამის შესახებ განცხადებას ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.
“მეგობრებო მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არაერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადობას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შინაარსი!! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები”,- წერს ადვოკატი.