პრემიერი: მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ავლენდნენ

“პირველ ყოვლისა, მინდა, ჩვენს თითოეულ  მოქალაქეს გადავუხადო მადლობა იმ გულისხმიერებისთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
​მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა. გიორგი გახარიამ აქვე აღნიშნა, რომ არაფერი  დასრულებულა.
„მე მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ ყოვლისა, ერთმანეთისთვის, ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას.
ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ შემდეგი, რომ ჩვენ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა, გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო, დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული ზაფხულის თვე, შემოდგომამდე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, უკვე გაჩნდა ასეთი ლექსიკა პირველი ტალღის ეტაპზე, ამიტომ, საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და პოლიტიკური პროცესი, არჩევნებზე ზრუნვა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები