აკაკი ზოიძე: ახლა არის დრო იმისთვის, რომ ჩვენს კურორტებზე დავისვენოთ და ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ

ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ახლა არის დრო იმისათვის, რომ ჩვენს კურორტებზე დავისვენოთ და საქართველოში ტურიზმის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ამის შესახებ ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ისაუბრა.

„რა მნიშვენლობა აქვს, იქნები თბილისში, თუ იქნები კურორტზე. მთავარი რჩევა იქნება, რომ დავიცვათ ფიზიკური დისტანცირების წესები და რეკომენდაციები. ახლა შიდა ტურიზმზეა საუბარი. არ ვიცი, რამდენად ღირს წასვლა ქვეყნის გარეთ, სადაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უარესი სიტუაციაა. ჩემი აზრით, პირიქით, ახლა არის დრო იმისთვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს – მათ, ვინც ტურისტულ, სამასპინძლო ბიზნესშია ჩართული, შევუწყოთ ხელი იმით, რომ ჩვენს კურორტებზე დავისვენოთ. მთავარი იქნება ის, რომ წესები დავიცვათ.

მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები იმუშავებენ კურორტებთან მიმართებით, რომ დაცული იყოს წესები რესტორნებში, კაფეებში, სველი წესით დამუშავება, ჰიგიენური წესების დაცვა, დისტანცირება, ანალოგიურად – სასტურმოებშიც. ყველგან იქნება აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა და მკაცრი კონტროლი მათ აღსრულებაზე. ჩვენი სიცოცხლე არ უნდა შეჩერდეს და ამ ვირუსთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არსებობს და არ მოვდუნდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია და ხანდაზმულ მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ, შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. მათ მიმართ იზოლაციისა და სახლში დარჩენის რეკომენდაცია მაქსიმალურად ძალაში რჩება, რადგან ამ შემთხვვაში მომატებული რისკია. სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, ალბათ, ამ მოქალაქეების მიმართ ეს რეკომენდაცია ძალაში უნდა დარჩეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსნებეთ, საქართველო 15 ივნისიდან შიდა, პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 721-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 485, გარდაცვლილია- 12, კარანტინის რეჟიმშია – 3614 ადამიანი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები