ქარელში საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო
ქარელის მოსახლეობას 2021 წელს საცურაო აუზი ექნება. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აუზი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომელიც გათვლილია როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
საცურაო აუზის მშენებლობა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტი გარდამავალია და 18 თვეში, 2021 წელს დასრულდება. აღნიშნული პროექტის მშენებლობისათვის გამოყოფილმა თანხამ 5 588 995 ლარი შეადგინა.
მშენებლობის პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიწის მოჭრისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,საბა კონსტრაქშენი” ასრულებს.