ირაკლი კობახიძე: ჩვენ მხარს დავუჭერთ და ვართ ერთსულოვნები შეთანხმების შესრულებაში

„ჩვენ რა შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, იმ შეთანხმებას სრულად შევასრულებთ და ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, დანარჩენი არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმ რადიკალური პარტიების პასუხისმგებლობა, რომლებიც დღეს საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ახალ საარჩევნო სისტემას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამტკიცებს მარტივ აბსურდს, რასაც შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია.

„პირველ შემთხვევაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, მეორე შემთხვევაში ეს იყო ზოგადი განცხადება, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და ეს ერთობლივი განცხადება უკავშირდებოდა საარჩევნო გარემოს, ზოგადად. იქ კონკრეტიკა მოცემული არ არის და ვერც იქნებოდა. აქ არ არის საუბარი გვარებზე, ძალიან მარტივ აბსურდს ამტკიცებს ოპოზიცია, ის ამტკიცებს, თითქოს, ჩვენ, ელჩების თანდასწრებით შევთანხმდით ისეთ რამეზე, რაც ითვალისწინებს სხვა ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებში უხეშ და უკანონო ჩარევას და ამას მშვიდად უყურებდნენ ევროკავშირის, ამერიკის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ელჩები. ეს ხომ სრული აბსურდია. როგორ შეიძლება, ელჩები მშვიდად უყურებდნენ მოლაპარაკებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა უგულებელვყოთ სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლიანი სასამართლოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ასეთი მოლაპარაკება, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ვერ წარიმართებოდა და ასეთ შეთანხმებას ჩვენ ხელს ვერ მოვაწერდით. ოპოზიცია მარტივ აბსურდს ამტკიცებს, თითქოს, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, თან – ელჩების თანდასწრებით, რომ ჩავერეოდით უხეშად სხვა ორგანოების უფლებამოსილებებში, რისი კანონიერი უფლება ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები