uHack სოფლის განვითარებისთვის: ტურიზმი და დასაქმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოგიდგენთ ჰაკათონს „uHack სოფლის განვითარებისთვის“, – ნათქვამია ინოვაციების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ჰაკათონის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს.

„ჰაკათონი 5-7 ივნისს გაიმართება და მისი თემაა – „დასაქმება და ტურიზმი“. ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს, რომლებმაც უნდა უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს:

როგორ დავეხმაროთ სასოფლო დასახლებებში ტურისტულ სექტორს COVID-19-თან გასამკლავებლად
როგორ შევუწყოთ ხელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) დასაქმებას/სამუშაო ადგილების შენარჩუნებას გამარჯვებული გუნდ(ებ)ისთვის პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 000 ლარი. პროექტები უნდა განხორციელდეს 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე და უნდა მოიცვას შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან ერთი ან რამდენიმე: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრი წყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

მონაწილეები აპლიკაციის საშუალებით შეირჩევიან. ჰაკათონზე დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც გუნდებს, ასევე, ინდივიდუალურ მონაწილეებს. გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში, საჭიროა განაცხადის ფორმის მხოლოდ ერთხელ შევსება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მაისი. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3d2VWJn

ღონისძიება იმართება ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და Forset“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები