ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. კლინიკის ინფორმაციით, ცამეტივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა.
„შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა, ეს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც აშკარად ჩანს. ამ დრომდე ჩვენს ლაბორატორიაში 50-მდე პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კვლევა ძირითადად იმ პაციენტებს უტარდებათ, ვინც ცხელების ცენტრებშია მოთავსებული. ასევე ვატარებთ კვლევას საკარანტინო სივრცეში მყოფ ზოგიერთ პაციენტზე”, – განაცხადა ლელა ქაჯაიამ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კვლევა იმ რისკ ჯგუფებზე დაიწყება, რომელთაც უშუალო სიახლოვე ჰქონდათ პაციენტებთან, მათ შორის მედიკოსებსაც.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაცინეტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვის19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.