კახეთი კვლავ “მწვანე ზონაა” – ლუგარში გაგზავნილი 5 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთის რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი მორიგი 5 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის თქმით, რეგიონში ცხელების ცენტრები პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ.

“გუშინ აღებული 5 ნიმუში გადაიგზავნა მხოლოდ ცხელების ცენტრებიდან და ყველა მათგანზე ტესტირების შედეგი აღმოჩნდა უარყოფითი, ამ ეტაპზე კახეთი ინარჩუნებს სტაბილურ ეპიდსიტიაციას”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეიდან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისა და ცხელების ცენტრებში მომუშავე მედპერსონალის ტესტირება ჩაუტარდება და პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

“დღეიდან კახეთის რეგიონში არსებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ცხელების ცენტრებში მომუშავე ყველა მედპერსონალს ჩაუტარდება ტესტირება და პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი”, – განმარტა ხიზანიშვილმა.

დღეის მონაცემებით, რეგიონში 11 საკარანტინე ლოკაციაზე 571 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 12 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 149 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4932 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 568 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები