“მთავარია სიკეთის კეთება, მხოლოდ საკვებზე მარხულობა არაფერს წარმოადგენს” – მუსლიმანური სამყაროსთვის მძიმე მარხვა დაიწყო
მუსლიმანურმა სამყარომ რამადანის მძიმე მარხვა დაიწყო. მარხვა 30 დღეს გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ მორწმუნეები ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.
ამ დროის განმავლობაში ყურანისა და ლოცვების წაკითხვა აუცილებლობას წარმოადგენს. რიტუალს, ძირითადად, სახლში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ასრულებენ. ასევე, მორწმუნეები მიდიან მეჩეთში და მადლობას სწირავენ ღმერთს. თუმცა, პანდემიის გამო, წლევანდელი წელის მათთვის განსხვავებულია, რადგან მეჩეთებში ლოცვა შეჩერებულია.
ბათუმში მცხოვრები ნანული მიქელაძე ოჯახთან ერთად დიდი მარხვის შესრულებას დღეიდან შეუდგა. როგორც ის “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, 30 დღის განმავლობაში ყველაზე მთავარი სიკეთის კეთება და მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაულის ბაირამის დღეს ღირსეულად შეხვედრაა. ძირითადი შეზღუდვა საკვების მიღებაზეა. მუსლიმანები მხოლოდ მაშინ მიირთმევენ, როდესაც მზე ჩადის ან გამთენიისას 5 საათისთვის.
“აქ მცხოვრები მუსლიმები თავშალს იშვიათად იხურავენ, მე სულ ვატარებ, თუმცა – ჩემი შვილი მხოლოდ ლოცვისას, რადგან ყურანი ძალიან წმინდაა და მისი შეხებისას თავშალი აუცილებელია. დღეში 5-ჯერ აუცილებელია ლოცვის წაკითხვა, მთავარია სიკეთის კეთება, მხოლოდ საკვებზე მარხულობა არ წარმოადგენს უმთავრეს მოთხოვნას. მთელი ჩემი ცხოვრება ზედმიწევნით ვასრულებ ყველა წესს და მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო ღმერთისთვის“, – ამბობს ნანული მიქელაძე.
ისლამის ისტორიაში პირველად, რამადანის პერიოდში მექაში ქააბი მლოცველებისთვის დაკეტილი იქნება. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.
ფიქრია დავლაძე