ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში კოვიდ19-ით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობასა და მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო.
იმუნოლოგის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მენეჯმენტი გამართულად მუშაობს. ამასთან, მან ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ კლინიკებს სამხედრო ჰოსპიტალში არსებული ინოვაციური მეთოდების გაზიარებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის, სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში 49 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარებაა კრიტიკულად მძიმე, რომელსაც ინსულტი განუვითარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა და მენეჯმენტი არის უმაღლეს დონეზე. არის ბევრი ინოვაცია. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, ინოვაციური მიდგომა, რომელიც პირველად ვნახე საქართველოს სინამდვილეში, ჩვენს კლინიკაშიც კი არაა. როგორც კი ჩავალ თბილისში, მე გამოვალ ინიციატივით, რომ კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლმა ყველა კლინიკამ იგივე გააკეთოს.
ამ კლინიკაში, ქალბატონი ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, რომელიც კურირებს თერაპიულ მიმართულებას, შექმნილია კომორბიდური დაავადებების მართვის ჯგუფი, ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული ინოვაციაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.