“ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან სოფელ გვარაში მცხოვრებლებს შიდაიზოლაციის პერიოდი უკვე დაუმთავრდათ. ისინი დღეიდან გამკაცრებულ საკარანტინე პირობებში აღარ იქნებიან”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო ნიჟარაძის თქმით, შიდა იზოლაციის პერიოდი, ასევე, ქობულეთის სხვა სოფლებში მცხოვრებლებსაც ეწურებათ.
,,ქობულეთის კლასტერიდან ახალი შემთხვევა მესამე დღეა, არ დაფიქსირებულა. გვარას სოფელში მცხოვრებლებს შიდა იზოლაციის პერიოდი დაუსრულდათ. მალე დაასრულებენ დანარჩენებიც. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით საერთო ჯამში კორონავირუსზე 2100-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, პისიარ დიაგნოსტიკა საკარანტინე სივრცეში მყოფ ყველა პერსონალს ჩუტარდება.
ცნობისთვის, ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 37 პაციენტი მკურნალობს. აქედან ქობულეთის კლასტერიდან 34 პაციენტია. დღეს, საღამოს კი კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
საკარანტინე სივრცეში 1500 მოქალაქე რჩება, ხოლო კარანტინის რეჟიმი 2100-მდე ადამიანმა უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.