ირაკლი კობახიძე: ჩვენი საერთო ინტერესია, მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია

“ჩვენი საერთო ინტერესია, მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ჩამოყალიბდება ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს.

„მოვუსმენთ ყველას, მოვუსმენთ ეკლესიის წარმომადგენლებს. ჯერჯერობით, არაფერი არ არის გადაწყვეტილი არავის მხრიდან. სწორედ ამას სჭირდება კონსულტაციები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შემდგომ დღეებზე, არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზეა საუბარი, არამედ – წინა დღეებზეც. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს და საერთო ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საგანგებო რეჟიმის კონკრეტული წესები არის გაწერილი, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს დისტანცია ადამიანებს შორის შეკრებისა და თავშეყრის დროს. მისივე თქმით, ეს წესები უნდა იყოს დაცული ნებისმიერ დროს.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი და ასეთ დროს, რასაკვირველია, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. სადაც კონკრეტულ შემთხვევებში იქნება საგანგებო რეჟიმის დარღვევა, იქ, ბუნებრივია, იქნება რეაგირება და რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები – ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები