ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ ორსული ქალი მოათავსეს, რომელიც ანაკლიის საკარანტინე ზონიდან იქნა გადაყვანილი. მას კორონაავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები – ცხელება და ხველა აღენიშნება, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას – მედიკოსების შეფასებით, ის დამაკმაყოფილებელია. ამჟამად, პაციენტის კვლევა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ორსული ქალი იმ სპორტსმენის კონტაქტია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
7 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 – გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 პირია.