ირაკლი ჩიქოვანი: ეკონომიკურ ბლოკს დავალება მიეცა, რომ პოსტკრიზისული გეგმა წარმოადგინონ
“ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დამატებითი დავალება, წარმოადგინონ პოსტკრიზისული გეგმა, რაც ქვეყანას, მოქალაქეებს, სახელმწიფო სექტორსა და ბიზნესს მოამზადებს იმისთვის, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად დავიბრუნოთ ეკონომიკაში არსებული პოზიციები”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე ფიქრობს.
„თქვენ იცით, რომ ეკონომიკურ ბლოკს ჰქონდა გათვლები, თუ როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ გამოწვევას. თუმცა, მათ კიდევ დამატებითი დავალება მიეცა იმის თაობაზე, რომ წარმოადგინონ პოსტკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს, მოქალაქეებს, სახელმწიფო სექტორსა და ბიზნესს მოამზადებს იმისთვის, რომ, როდესაც კრიზისი იქნება დაძლეული, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად დავიბრუნოთ ის პოზიციები, რომელიც ეკონომიკაში გვქონდა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სუბიექტებს დაბრუნდნენ ისეთ აქტივობებსა და ბიზნესგარემოში, რომელიც მათთვის აქამდე იყო ჩვეული. შესაბამისად, დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე სახელმწიფო უკვე ფიქრობს მას შემდეგ, რაც უკვე ეს კრიზისი იქნება გადალახული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.