თურქეთში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელებმა კუთვნილი ბარგი დაგვიანებით მიიღეს

 თურქეთში მყოფმა ზესტაფონის საფეხბურთო კლუბისა და ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელებმა კუთვნილი ბარგი დაგვიანებით მიიღეს. ამის შესახებ “კვირას“ “სიონის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა განუცხადა. მისივე თქმით, თურქული ავიაკომპანია „ატლასჯეტის“ მხრიდან კონპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მყოფ საქართველოს ფეხბურთელთა გუნდებს გუშინ დაგეგმილი ვარჯიში ჩაეშალათ. პორტალ „კვირას“ ინფორმაციით, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბისა და ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელებმა ანტალიის აეროპორტში ბარგი ვერ მიიღეს. ფეხბურთელები თბილისი-სტამბოლი-ანტალიის მიმართულებით გუშინ ავიაკომპანია „ატლასჯეტის“ თვითმფრინავით გაემგზავრნენ. მათ საქართველოს ჩემპიონატისთვის წინა საწვრთნელი-მოსამზადებელი შეკრება ჰქონდათ დაგეგმილი. ანტალიის აეროპორტში სპორტსმენების პირადი ნივთები არ აღმოჩნდა. ფეხბურთელები სასტუმროში ბარგის გარეშე გაემგზავრნენ. „კვირა“ თურქული ავიაკომპანია „ატლასჯეტის“ საქართველოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა ანი გოგელიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელები თურქეთში მათი კუთვნილი თვითმფრინავით გაემგზავრნენ. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპოერტში ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის გამო, სხვადასხვა ავიახაზის თვითმფრინავებმა დანიშნულ დროზე რეისები ვერ განახორციელეს.
“გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავის გამო რეისები შეფერხდა. დღის 1 საათამდე ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ გაფრინდა, რის გამოც რეისები გადაადგილდა. ამან დაგვიანება გამოიწვია. მოხდა ისე, რომ ანტალიის მიმართულებით მგზავრები სტამბოლში გადასხდნენ არა იმ თვითმფრინავზე, რომელზეც ბილეთები ჰქონდათ აღებული. ამის გამო, ფეხბურთელების ბარგი სტამბოლში დარჩა, თავად კი ანტალიაში გაემგზავრნენ“, – აღნიშნა ანი გოგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები