როჯერ ვიკერი: არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება, ამიტომ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ სწრაფად მოახდინონ საარჩევნო სისტემის ცვლილება

აშშ-დან – ჰელსინკის კომისიის სენატორმა როჯერ ვიკერმა საქართველოს მთავრობას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტი 2019 წლის 19 დეკემბრით თარიღდება და ის “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა.

წერილში როჯერ ვიკერი იმ პროგრესს მიესალმება, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწია, თუმცა სენატორი ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“როგორც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი, მოხარული ვარ იმ მიღწევებისა და წინსვლის გამო, რასაც თქვენმა სახელმწიფომ ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ინსტიტუციების გაძლიერების მიმართ კონკრეტულმა ქმედებებმა, მათ შორის სასამართლო რეფორმის რამდენიმე რაუნდმა, მოტივირებულმა და პროცესებში ჩართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ თქვენი ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია.

ვიცი, რომ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში განგრძობადი დემოკრატიული წარმატებების შესახებ. სწორედ ამიტომ გწერთ იმ გაზრდილ შეშფოთებაზე, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. გასულ თვეში პარლამენტის წევრებმა პარტია “ქართული ოცნებიდან” არ შეასრულეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც 2020 წლის არჩევნებში სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა. საარჩევნო ცვლილებები სარგებლობს ფართო შიდა მხარდაჭერით, ასევე დემოკრატიის საერთაშორისო მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ეს ცვლილებები საქართველოს მრავალპარტიულ დემოკრატიას გააძლიერებდა. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ მოულოდნელმა მარცხმა დააზიანა საზოგადოების რწმენა, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

შეშფოთებული ვართ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის სერიებმა შექმნა სურათი, რომ სამიზნე, პოლიტიკური ოპონენტები და დამოუკიდებელი მედია საშუალებებია.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მინიშნებებმა, რომელიც აღიქმება, რომ ის პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში დროის გატარებით ემუქრება, გააღრმავა შეშფოთება დევნის და სასამართლო პროცესების დაწყების დროსა და გარემოებებთან დაკავშირებით, ისეთი ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ, როგორებიც ნიკა მელია და გიგა ბოკერია არიან.

“ქართული ოცნების” მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე, მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. დამტკიცებული მოსამართლეების რაოდენობა, ჩანს, რომ ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის. რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ დაბალი ნდობის გამო გასცა.

არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება, ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას სწრაფად მოახდინონ საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც ფართო საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს და უზრუნველყოს ყველა მხარისთვის თამაშის თანასწორი წესები. თუ ეს ზომები ადრესატამდე არ მივა, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს ნდობა მომავალი წლის არჩევნების მიმართ.

მსურს ვიხილო საქართველო როგორც თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, დაცული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თანამშრომლობის ამ გზით იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემს შეშფოთებას სერიოზულად მოეკიდებით და უზრუნველყოფთ სიტყვის, პრესის თავისუფლებას. საქართველოს ვალდებულების შესაბამისად, როგორც ეუთოს მონაწილე წევრი,” – აღნიშნულია სენატორ როჯერ ვიკერის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები