ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს – ამერიკის საფონდო ინდექსები რეკორდულ მაჩვენებლებზე გავიდა

15 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიც-პრემიერმა ლიუ ხემ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების პირველ პაკეტს მოაწერეს ხელი. ამ ფაქტს ამერიკულმა ბირᲟებმა მორიგი რეკორდით უპასუხეს და საფონდო ინდექსები მკვეთრად გაიზარდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ Dow Jones-ის ინდექსი 28 900-დან 29 300-მდე გაიზარდა, Nasdaq-ის 9250-დან 9350-მდე, ხოლო S&P 500-ის 3280-დან 3315-მდე.

როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთმა აშშ -დან იმპორტის $200 მლრდ-ით გაზრდის ვალდებულება აიღო. ამავდროულად ძალაში რჩება აშშ-ს მიერ ჩინურ პრდუქციაზე დაწესებული 25 %-იანი სატარიფო განაკვეთი, ვიდრე მხარეები ხელშეკრულების მეორე პაკეტს გააფორმებენ. აღნიშნული 200 მილიარდიდან 33 მილიარდს ჩინეთი აშშ-ში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვას მოახმარს. 50 მილიარდს ენერგეტიკის, ხოლო 35 მილიარდს მომსახურების სფეროში დახარჯავს.

78 მილიარდის გაღება ჩინეთს ამერიკული სამრეწველო პროდუქციის შესაძენად მოუწევს. საერთო ჯამში აშშ-მ ჩინეთს იმპორტის 154%-ით გაზრდა დაავალდებულა.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის სი ცზინპინის განცხადებით, მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ პრობლემების გადაჭრა დიალოგის მეშვეობით შესაძლებელია. ტრამპმა მომხდარს ძველი შეცდომების გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯი და სამართლიანი, ძლიერი ეკონომიკის შექმნის წინაპირობა უწოდა. მისივე შეფასებით, ხელშეკრულება მსოფლიოს უფრო ძლიერს და უფრო მშვიდობიანს გახდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები