გიგი უგულავა: ჩვენ გვინდა პროპორციული, სამართლიანი არჩევნები
“ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს მოპარული არჩევნები, მეტი მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს” -ეს განცხადება ბათუმში მიმდინარე აქციაზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.
მისივე თქმით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ გაიმარჯვებს და ვინ დარჩება ოპოზიციაში.
“ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს მოპარული არჩევნები, მეტი მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს”. ჩვენ გვინდა პროპორციული, სამართლიანი არჩევნები. ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ გაიმარჯვოს, ვინ დარჩება ოპოზიციაში. ამას არ წყვეტს ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, ჩვენ ვნახეთ მისი განცხადება, რომ სანამ არ მომეწონება ოპოზიცია, მანამდე ვიქნები ხელისუფლებაშიო. ეს განცხადება პირდაპირ მიუთითებს ავტორიტარიზმისკენ რომელიც არის ნაბიჯი დიქტატურისკენ, რომელსაც ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ, იმიტომ რომ საქართველო არ არის შუააზიური რესპუბლიკა და საქართველო არ არის რუსეთის სატელიტი,”-განაცხადა გიგი უგულავამ.
ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ შეასრულოს დაპირება და არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ვარდების სკვერისკენ მსვლელობას მართავენ.