გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული,  საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განუცხადა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც მისი გადაყვანა განხორციელდა.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა.
 
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.
 
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. იმავე საღამოს ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები