გუგული მაღრაძე ჩხენკელს: რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ყველა მასწავლებლისთვის ტრენინგი სავალდებულო იყოს
რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ყველა მასწავლებლისთვის ტრენინგი სავალდებულო იყოს?, – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში უსმენს.
“ის, რომ უსაფრთხო სკოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არსებობს, ეს არის თქვენი პოზიტივი ნამდვილად. იმიტომ, რომ თუ ასეთი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა არ არის, ვერ განხორციელდება ვერანაირი სისტემური ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენი სკოლა, უპირველეს ყოვლისა, იყოს უსაფრთხო. ამ თვალსაზრისით მიანც, მიუხედავად, იმისა, რაც უნდა დავამატოთ მანდატურები და სხვა, ვთვლი, რომ სკოლა უნდა იყოს თვითკმარი, სკოლა უნდა იყოს მთავარი აქ. მასწავლებელი უნდა იყოს იმ აუცილებელი უნარებით და ცოდნით აღჭურვილი, რაც მას დაეხმარება დროულად გამოავლინოს ბულინგი, დროულად გამოავლინოს ხომ არ არის თვითმკვლელობისკენ რაიმე მიდრეკილება, პრევენცია მოახდინოს იმიტომ, რომ ის არის ყველაზე უფრო ხშირ და ყოველდღიურ კონტაქტში მოსწავლეებთან და მასწავლებელმა უნდა იცოდეს როგორ უნდა მოახდინოს პრევენცია, როგორ არ შეუწყოს ესკალაციას ხელი და ა.შ. რა მექანიზმები არსებობს ინსტიტუციური, რომ ყველა მასწავლებელი ვალდებული იყოს გაიაროს ტრენინგი?”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
გუგული მაღრაძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მოსწავლეთა უნარ-ჩვევებზე და მშობლების ჩართულობაზე.
“გარდა მასწავლებლებისა, თვითონ მოსწავლეებსაც აქვთ რაღაც ცოდნები ამის შესახებ და აქვთ უნარები, რომ თვითონ შეეძლოთ მოაგვარონ რამე. აი ასეთი ინსტიტუციონალური მექანიზმი თუ გვაქვს? დღეს მშობლების ჩართულობა არის მათ სურვილზე დამოკიდებული. აქაც გვინდა ინსტიტუციონალური ფორმა, რომ მშობლის პასუხისმგებლობა და კონტაქტი იყოს მეტი”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.