ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნა
ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნა. ინფრასტრუქტურა აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უნიკალური აპატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის.
ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საუბარი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო.
„მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, მჯერა, რომ გამოძიება ჩატარდება უსწრაფესად და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
დღეს გაიხსნა ქვეყნისთვის მე-5, მაგრამ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე პირველი თანამედროვე კონტროლის სასაზღვრო ინსპექციის ცენტრი
ახალი ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი კანონიერ ვაჭრობას და ამავდროულად უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებისა და სხვა საშუალებების მიწოდება. ასევე, აღნიშნული კონტროლი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და რეგიონალური კუთხით“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვარზე კიდევ ოთხი სასაზღვრო პუნქტი ფუნქციონირებს. ორი თურქეთის საზღვარზე, ერთი ფოთის პორტში, ერთი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიების მონაწილეებმა და მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე 33 ძირი ფიჭვი დარგეს.