ორი განსხვავებული ისტორია და თავშესაფარი, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებს გადარჩენილ მოხუცებს მასპინძლობს
„ლიმენა“ – პანსიონატი, რომლის განმარტებაც ნავსაყუდელია, თელავში 3 თვეა გაიხსნა და უსახლკარო ბენეფიციარებიც მიიღო. სოფელ გულგულაში მცხოვრები მეზობლები ვერასდროს წარმოიდგენდენ, რომ მათ დრო ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას მოუტანდა. მძიმე სოციალურ პირობებს ორმა ხანდაზმულმა თავი თელავში, პანსიონატ „ლიმენაში“ შეაფარა.
ამირან მამნიაშვილი “რეგიონულ კვირას” ტელევიზორთან მოკალათებული დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს მხედველობის პრობლემა აქვს, გამოგვიტყდა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა სერიალების ყურებაა. მისი თქმით, ბედნიერია რომ „ლიმენაში“ მოხვდა, რადგან დაწესებულებაში მოხვედრამდე ის ნათესავების დროებითი სტუმარი იყო.
„ხელოსანი კაცი ვარ, ვეღარ ვხედავ კარგად და ვერ ვმუშაობდი, ვამბობდი, სად წავიდე, რა გავაკეთო. რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ხან ძმიშვილთან ვცხოვრობდი ხოლმე, დროებით და თავს ვერ ვუვლიდი. მივაკითხე სოციალურ სააგენტოს და შემომთავაზეს თელავში, ამ პანსიონატში ცხოვრება, რაც ძალიან გამიხარდა”, – ამბობს მამნიაშვილი.
ამირან მამნიაშვილის ნაამბობით, ის „ლიმენაში“ თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობს. ამირანის ყველაზე კარგი მსმენელი კი როგორც თავად ამბობს, პანსიონატის მეორე ბენეფიციარი – მარიამ ჯანთიძეა, რომელიც მისი თანასოფლელია.
მარიამი „ლიმენაში“ მისვლამდე მძიმე პირობებში ცხოვრობდა და ფსიქიკური აშლილობის მქონე შვილს უვლიდა. მარიამი ყვება, რომ როცა შვილის მოვლა აღარ შეეძლო და ის გრემის შშმ პირთა თავშეფარაში ჩააბარა. თავად მარტო დარჩა და თავშესაფარში მოხვედრა მისთვის ღმერთის საჩუქარი აღმოჩნდა.
„ჩემს ავადმყოფ შვილზე ვიყავი დამოკიდებული, როცა მისი მოვლა ვეღარ შევძელი და გრემის თავშესაფარაში ჩავაბარე, მარტო დავრჩი. ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი. მეშინოდა. რაც აქ მოვხვდი, დავმშვიდდი, იმედიანად ვარ, პატრონი მყავს“,- ამბობს მარიამ ჯანთინიძე.
პანსიონატის მმართველი მაია ქეთელაურია. მისი განმარტებით, ყველა იმ ხანდაზმულს, რომლებსაც სახლი არ აქვთ და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრება უწევთ, შეუძლიათ მიმართონ სოციალურ სააგენტოს, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოების განხორციელების საფუზველზე, პანსიონატში მხოვედრას შეძლებენ.
„ყველა მოხუცმა, ვისაც მძიმე პირობებში ცხოვრება უწევს უნდა აცნობოს სოციალურ სამსახურს, რის შემდეგაც მოხდება შემოწმება და გამოგზავნიან ჩემთან, სადაც მათ მზრუნველობა არ მოაკლდებათ“,- აღნიშნავს მაია ქეთელაური.
მმართველის თქმით, ბენეფიციარების მიღება პანსიონატში სველი წერტილების რაოდენობაზეა დამოკიდებულია, ამჟამად პანსიონატს 4 ბენეფიციარის მიღება შეუძლია და სამომავლოდ – მეტის.
პანსიონატი „ლიმენა“ სახელმწიფო დაფინასების ხარჯზე ფუნქციონირებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვისაა განკუთვნილი. აქ თითო ბენეფიციარზე საარსებო მინიმუმი 20 ლარითაა განსაზღვრული.