“19 წლის შემდეგ, საქართველოში ბათუმის სიყვარულმა დამაბრუნა” – სოხუმიდან დევნილი, ბიზნესმენი ქალის ისტორია
საქართველოში ჩამოსვლა 19 წლის შემდეგ ბათუმისსიყვარულმა გადააწყვეტინა. სოხუმიდან დევნილი ვიოლეტა ქალდანი მის მეორე მშობლიურ ქალაქად სწორედ ბათუმს ასახელებს. ამბობს რომ დევნილობის პერიოდში ბევრ ქალაქში მოუწია ცხოვრება, თუმცა მისთვის ბათუმის ქუჩები, ზღვის სურნელი და ქალაქის არქიტექტურა ყველაზე მშობლიური აღმოჩნდა. ზღვის ტალღების ხმაური აფხაზეთს აგონებდა, რამაც ის მტკივნეული წლები და აფხაზეთის ომში დაღუპული მამის მონატრება შეუმსუბუქა.
,,მამა აფხაზეთის ომში დამეღუპა, გახსენებაც კი არ მინდა იმ პერიოდის, დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნდა- მამა, მშობლიური მიწა-წყალი, სახლი- რომლის კედლებიც ჩემს ბავშვობას ინახავს. თითქმის ყველა ქალაქში ვიცხოვრეთ, მაგრამ მცირე დროით. ყველაზე მეტად ბათუმს შევეჩვიეთ, როცა ვიღვიძებდი ასე მეგონა სოხუმში ვიყავი, თუმცა ეს შეგრძნება დიდხანს არ გრძელდებოდა. მიყვარდა ზღვის პირას ჩამოჯდომა და ფიქრი, მახსენდებოდა ჩემი კუთხე, მეგობრები რომლებიც სხვადასხვა კუთხეში იყვნენ გახიზნულები“- ყვება ვიოლეტა ქალდანი.
ბათუმში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ, სოხუმელი ვიოლეტა თავისი ოჯახით, რუსეთში სამუშაოდ წავიდა. იქ სარესტორნო საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე კვების ობიექტს წარმატებით ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მის ყველა წამოწყებულ საქმეში ქართულ სულს დებდა, რაც პროფესიონალიზმად ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. ბიზნესმენი ქალი ,,რეგიონულ კვირასთან“ იმ სირთულეებით სავსე წლებს იხსენებს, რაც წარმატებამდე გაიარა.
,,ძალიან გვიჭირდა, რამაც საზღვარგარეთ წასვლა გადაგვაწყვეტინა, მაშინ ყველაზე იოლი რუსეთში წასვლა იყო, თავიდან ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად დავიწყე მუშაობა, მერე ვეცადე, უფრო მეტი შემესწავლა და გამომივიდა კიდეც. ჩემი ქართული სტუმართმოყვარეობა ძალიან მეხმარებოდა, როდესაც მომხმარებელს ვემსახურებოდი, როგორც სახლში მოსულ სტუმარს ისე ვუმასპინძლდებოდი, ისე როგორც საქართველოში იციან. შემდეგ ვისწავლე სარესტორნო საქმიანობა და რამდენიმე კვების ობიექტსაც ვხელმძღვანელობდი. უამრავი მადლობის წერილიც მაქვს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სამინისტროებიდან რითაც ვამაყობ. მიუხედავად ამისა, ვოცნებობდი იგივე საქმე საქართველოში, ჩემს უსაყვარლეს ქალაქ ბათუმში გამეკეთებინა, სადაც ჩემ ერს სიამოვნებით მოვემსახურებოდი, რუსეთის გარდა 7 წელი დაღესტანშიც იმავე
საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მინდა ავღნიშნო, რომ დაღესტანშიც არანაკლები წარმატება მოვიპოვე, ჩემთვის კი ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქათველოს კულტურას და კერძებს ვაცნობდი, სიამოვნებით იღებდნენ ამ სიახლეს და დიდ ინტერესსაც იჩენდნენ ჩვენი ქვეყნისადმი“- ამბობს ვიოლეტა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ ბათუმში თავს კარგად გრძნობდა და ბევრი მეგობარიც შეიძინა, ახლობლებთან 19 წლიანი განშორების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას ახლობლებთან გაუცხოების შიში ჰქონდა.
,,როდესაც ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, მეგობრები რომლებმაც ყველაზე რთულ მომენტში ახლობლად მიმიღეს როგორ დამხვდებიან, ისევ ისეთები არიან თუ შეიცვალნენ. თუმცა ახლა საკუთარ თავს ვადანაშაულებ ამ ფიქრებისათვის. როგორ შეიძლება ადამიანებმა, რომლებმაც რთულ მომენტში დახმარების ხელი გამოგიწოდეს მიგატოვონ ან შეიცვალონ შენთან მიმართებაში. ერთ-ერთი ასეთი მეგობარი 19 წლის წინ ბათუმში დავტოვე ლოლა ანანიძე, რომლის დიდი დამსახურებაცაა ბათუმში ჩემი ახალი წამოწყება სარესტორნო საქმიანობაში. ის რეგიონში წარმატებული ჟურნალისტია და ვფიქრობ, ჩემი ბიზნეს გამოცდილება და მისი კრეატიულობა არანაკლებ წარმატებას მომიტანს ამ ახალ სივრცეში, რომელსაც ,,რუსთაველი“ დავარქვი, აქ მომხმარებელს საუკეთესო კერძების არჩევანსა და ხარისხიან მომსახურებას შევთავაზებთ. ვაპირებთ საქველმოქმედო საღამოების გამართვასაც რაშიც ჩემი მეგობარი აქტიურად მეხმარება“, – დასძინა ვიოლეტა ქალდანმა.