“ყველანაირი ფორმალური და მატერიალური საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტოდა”
ყველანაირი ფორმალური და მატერიალური საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტოდა, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
კობახიძის თქმით, პარლამენტმა პროცედურის შესაბამისად იმოქმედა.
“ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. დადგენილია კონსტიტუციით და რეგლამენტით გარკვეული პროცედურა, რომლის საფუძველზეც დეპუტატს უწყდება უფლებამოსილება. პარლამენტმა ზედმიწევნით, ამ პროცედურის შესაბამისად იმოქმედა. გარდა ამისა, საკმაოდ მძიმეა თავისი შინაარსით ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ნიკანორ მელიას შეეფარდა შესაბამისი სასჯელი. აქედან გამომდინარე, ყველანაირი საფუძველი ფორმალური და მატერიალური არსებობდა იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას შეწყვეტოდა სადეპუტატო უფლებამოსილება და ბუნებრივია, პარლამენტმა ამ უფლებამოსილებით იხელმძღვანელა”,- განაცხადა კობახიძე.
დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი “ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.
მას სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ამასთანავე მას, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.