ყვარელში ინოვაციური სტარტაპების ბანაკი გაიხსნა
ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სტუდენტებისთვის ინოვაციური სტარტაპების ბანაკი იმართება. საქართველოს სხვადსხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებს, 4 დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ დაესწრონ ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების სესიებს და შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტისა და ფინტექის საკითხები.
სტარტაპების ბანაკი ყვარელში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა. ქადაგიშვილის თქმით,მსგავსი სახის განათლება საქართველოს წარმატებას განაპირობებს.
“ყვარლის სასწავლო ცენტრში შეკრებილნი არიან სტუდენტები, რათა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით მიიღონ ახალი ახალი ინფორმაცია, ახალი გამოცდილება უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც მსოფლიოში ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერები არიან,მათ შორის ქართველებიც,რომლებიც წარმატებული ინოვატორები არიან ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
“ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, ჩვენ დავიწყეთ ბანაკების ციკლი. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მათთვის ვმუშაობთ,რათა მეტად დაინტერესდნენ ინოვაციური ბიზნესის განვითარებით,მაღალტექნოლოგიური სტარტაპების შექმნით და იმედი მაქვს,რომ ქართველი სტუდენტები კიდევ მეტ საინტერესო ინოვაციურ პროდუქტს შექმნიან”,- განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.
ბანაკის ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოა. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ესენია: ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტი, ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი. ბანაკის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებენ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ პროდუქტად გარდასაქმნელად.ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის ოთხ დღეს გაგრძელდება.ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონის 30 სტუდენტი მონაწილეობს.