“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ცაგერში მომხდარ ორმაგ მკვლელობას მეორე მოწმეც ჰყავს – ტრაგიკული ინციდენტის უცნობი დეტალები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანში გახმაურებული ორმაგი მკვლელობის დეტალები “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მურთაზ სილაგაძის გარდა, მომხდარ ინციდენტს მეორე მოწმეც ჰყავს. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მკვლელობის მეორე მოწმე, ლაჯანელი მინდია ურთმელიძეა, რომელიც ერთ-ერთ გარდაცვლილს გადაეფარა, რათა მისი მხრიდან საპირისპირო გასროლა არ მომხდარიყო.
ლაჯანელები პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ მინდია ურთმელიძე მთელი ღამის განმავლობაში ცაგერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილი პოლიციელები სწორედ მინდია ურთმელიძის სახლში შესვენებაზე წასახემსებლად შევიდნენ, თუმცა სუფრასთან მათ შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „რეგიონული კვირა“ მინდია ურთმელიძის ოჯახში მივიდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, მინდია თავს შეუძლოდ გრძნობს და ამ ეტაპზე ჩვენთან საუბარს ვერ შეძლებს. მათივე თქმით, მანდარია ოჯახის ახლო მეგობარია და ადასტურებენ, რომ მართლაც იმყოფებოდა ორივე გარდაცვლილი პოლიციელი მათთან სახლში. თუმცა 6 საათისთვის ოჯახიდან გამოვიდნენ, რადგან შესვენების დრო უმთავრდებოდათ. ის ფაქტი კი, თუ როგორ აღმოჩნდნენ ურთმელიძე და სილაგაძე შემთხვევის ადგილას, ამ დროისთვის უცნობია.
“რეგიონული კვირა” მეორე მოწმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე უარყოფა ან დადასტურება არ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივი ცენტრის ეზოში ორმა მამაკაცმა, რომლებიც შსს-ის თანამშრომლები იყვნენ და ამავე დროს მეწყვილეები, ერთმანეთი ჩაცხრილეს. ერთი მათგანი – გოჩა ონიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – რომეო მანდარია საავადმყოფოში მიყვანამდე. სროლის შედეგად ამავე სოფლის მკვიდრი, 65 წლის მურთაზ სილაგაძე დაიჭრა და იგი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობს.
საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა სსკ-ის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.