“73 წლის ვარ და ამ სოფელში საავტომობილო გზა არ მახსოვს” – საციხურში გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ საციხურში ადგილობრივ ლევან შავაძეს საავტომობილო გზის არსებობა არ ახსოვს. როგორც 73 წლის მოხუცი “რეგიონულ კვირას“ უყვება, გზის არ არსებობის გამო, სოფელში ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით კი უხვი ნალექის დროს.
ორი კვირის წინ ხულოს მერისგან ოჯახმა დაპირება მიიღო, რომ ზამთრის სეზონის მიუხედავად, გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხდება და ადგილობრივები სოფლის ცენტრს სულ მალე ახალი საავტომობილო გზით დაუკავშირდებიან.
“73 წლის ვარ, რაც თავი მახსოვს სოფელში საავტომობილო გზა არასოდეს ყოფილა , ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. ვინც აქ ცხოვრობს, ყველამ იცის როგორი მკაცრია ზამთარი მაღალმთიან აჭარაში, გზის გარეშე არსებობა შეუძლებელიც კი ხდება. არცერთი ხელისუფლების დროს არ მოგვარებულა ეს პრობლემა. რამდენიმე დღის წინ, ხულოს მერი და მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ, გაეცნენ არსებულ მდგომარეობას, გულთან მიიტანეს ჩვენი ამბავი. მიხარია, რომ დაპირება მხოლოდ სიტყვიერ დაპირებად არ დარჩა და დროული რეაგირება მოახდინეს, ეს უდიდესი მადლია სოფლად მცხოვრებლებისთვის, არც გადინება მოხდება მაღალმთიანი აჭარიდან და სოფლებს თავიანთი მკვიდრი შეუნარჩუნდება. ოჯახებში კერა არ ჩაქრება და მეზობელი გვეყოლება“,- ამბობს ლევან შავაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ოჯახი საჭირო მარაგს წლების განმავლობაში, საფეხმავლო ბილიკით, სოფლის ცენტრალური გზიდან ხელით ეზიდებოდა.
ხულოს მერის ინიცატივითა და მხარდაჭერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის გზის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულებულია. მიმდინარეობს რთული მონაკვეთების ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, რის შემდეგაც გაიწმინდება ტერიტორია და შესაძლებელი გახდება ავტომობილით გადაადგილება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოინახულა. ოჯახს მიულოცა ახალი საავტომობილო გზა და სამომავლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბეტონის საფარის დაგებას დაპირდა.