სოფელ საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთ დაშავებულს თბილისში გადაიყვანენ
პანკისის ხეობის, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთ დაშავებულს თბილისში გადაიყვანენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” ახმეტის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია უძილაურმა განუცხადა, მამაკაცს აღენიშნება მარცხენა კიდურის ძვლის დაზიანება, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი თბილისში გადაყვანა.
“დღის პირველ ნახევარში, საავადმყოფოში შემოყვანილი იქნა 3 პაციენტი, რომელთაგან 1 უკვე გარდაცვლილი იყო. მეორეს აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანება და შესაბამისი პირველადი ქირურგიული დამუშავების შემდეგ, დამაკმაყოფილებელ გარემოებაში გაეწერა ბინაზე. რაც შეეხება მესამე მამაკაცს, ის დაჭრილი იყო მუცლის არეში და ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია. მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია,თუმცა მარცხენა კიდურის ძვლოვანი დაზიანების გამო, აუცილებელი ხდება მისი თბილისში გადაყვანა”- განაცხადა გია უძილაურმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.