ნინო გოგოლაშვილი: საქმე მხოლოდ ძალადობის მუხლითაა აღძრული, რაც არასწორია
ბოდბისხევის ბაზარში კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ჩატარების დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლი სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ამაჟამად გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი სიღნაღის პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ დაიბარეს.
გოგოლაშვილის ადვოკატის ივანე ნორაკიძის თქმით, საგამოძიებო უწყებების მხრიდან ფაქტზე მათი მოთხოვნების გათვალისწინება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმე, ყველაზე მსუბუქი, 126 -ე მუხლით აღიძრა.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა, ყველა ის პირი მიეცეს პასუხისგებაში, ვინც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილებდა.
“ჩვენი მოთხოვნაა პასუხისგებაში იქნეს მიცემული ყველა ის პირი , ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა,ვინაიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას, ძალადობის გამოყენებით და არა უბრალოდ ძალადობას.ამ ინციდენტში მონაწილეობდა არა მარტო ილია ბაიდოშვილი, არამედ სხვა პირებიც”-განმარტავს “რეგიონულ კვირასთან” ივანე ნორაკიძე.
გამოძიებას, რომელიც ილია ბაიდოშვილის მხრიდან,”სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონის ხელმძღვანელის ცემის ფაქტზე დაიწყო, აპროტესტებს თავად გოგოლაშვილი.
მისი თქმით, აუცილებელია საქმე პოლიტიკური დევნის მუხლით აღიძრას.
“ჩვენი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,მაგრამ საქმე მხოლოდ ძალადობის მუხლითაა აღძრული, რაც არასწორია. ინციდენტზე საქმე უნდა აღიძრას პოლიტიკური დევნის მუხლით”, – განმარტავს გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობის წევრ, ნინო გოგოლაშვილზე თავდასხმა 24 ნოემბერს, წნორში , ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სიღნაღის საკრებულოს წევრმა, ილია ბაიდოშვილმა მას სახეში გაარტყა და ბანერი დაუხია. ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტის იმ დროს მოხდა, როდესაც “ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის” კამპანიის ფარგლებში, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ.