ყვარელში ხანძრის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა.ასევე, დაშავდა 3 ადამიანი მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, შეშის ღუმელში ბენზინის შესხმის შედეგად აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, დავით ბერიკაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ სავარაუდოდ, შეშის ღუმელში ბენზინი ბავშვებმა შეასხეს.
“გაზის ღუმელი ოჯახს არ ქონია, შეშის ღუმელში ბავშვებმა როგორც ჩანს, ბენზინი შეასხეს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა”,- განაცხადა ბერიკაშვილმა.
როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, გადაყვანილია 3 პაციენტი. 2 შუა ხნის ასაკის ქალბატონი და 6 წლის ბავშვი, რომელსაც დამწვრობა სახის არეში აღენიშნება. ჭონიაშვილის თქმით, ქალბატონი დამწვრობის ცენტრში უნდა გადაიყვანონ, რადგან სხეულის 40 პროცენტი აქვს დამწვარი.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.