გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის მხარემ რაჭის საბავშვო ბაღებს საჩუქრები გაუგზავნა
გიორგობის დღესასაწაულზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სადმელისა და ბოსტანას საბავშვო ბაღებს – პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ესტუმრნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, რომელიც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მათ გამოუგზავნა.
ბოსტანას საბავშვო ბაღში სულ 11 აღსაზრდელია, როგორც ბაღის გამგე ფიქრია ჯოხაძე „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აცხადებს, საჩუქრებმა ბავშვები გააბედნიერა.
„დღეს დიდები და პატარები სტუმრებმა ძალიან გაგვახარეს, ბატონმა სოზარ სუბარმა და მხარის გუბერნატორმა გადმოგვცეს საჩუქრად პატარებისთვის თბილი საბნები, უღრმესი მადლობა მათ ამისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი გუბერნიებს შორის ურთიერთმეგობრობისა“, – თქვა ფიქრია ჯოხაძემ.
სადმელის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი თეკლა მეტონიძე კი ამბობს, რომ ასეთ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულზე სიმბოლურიც არის ბავშვების გახარება.
“ჩემი პატარა დადის სადმელის საბავშვო ბაღში. დღეს აქ მე მისი სიხარულის გასაზიარებლად მოვედი, მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ჰუმანურ აქციაში, მადლობა ბატონ სოზარსა და მხარის გუბერნატორს, დღევანდელი დღის გალამაზებისთვის“, – თქვა მეტონიძემ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მხარის ხელმძღვანელობა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და აღსაზრდელებისთვის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.
„დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, სადმელისა და ბოსტანას საბავშვო ბაღებში პატარებს საჩუქრები გადავეცით,. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი. გაიხარეს პატარებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა, მინდა მადლობა ვუთხრა მცხეთა მთიანეთის მხარის გუბერნატორს – შალვა კერესელიძეს, რომელმაც ეს საჩუქარი გადმოგვცა, როგორც მაღალმთიან რეგიონს“,- განმარტა არჩილ ჯაფარიძემ.