რუსთავში, “ევროპული საქართველოს” ოფისის შესასვლელ კარზე ცოცხი და ბოქლომი მიამაგრეს
რუსთავში, “ევროპული საქართველოს” ოფისის კარზე, უცნობმა პირებმა ცოცხი და ბოქლომი მიამაგრეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.
“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო იმედაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსთავის მაჟორიტარ, პაატა მხეიძეს აკისრებს.
მისი თქმით, ისინი აპირებენ აღნიშნული ცოცხზე, სიმბოლურად, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიაკრან.
“8 წელია “ქართული ოცნება” მართავს ქვეყანას და მათი უამრავი შეუსრულებელი დაპირების პასუხი ყოველთვის ცოცხია. ჩვენ სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურათს მივაკრავთ ამ ცოცხს, იმის სიმბოლოდ, რომ ის და მისი საცეცები, რომლებიც რუსთავშიც არიან, ძალიან მალე გაიცოცხებიან. ქართველი ხალხი არავის პატიობდა თავზე გადავლას, შეურაცხყოფას და ამდენ შეუსრულებელ დაპირებას”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ნინო იმედაშვილმა.