“იმედი გადაწურული გვქონდა, თუმცა თორნიკე რიჟვაძემ და ვახტანგ ბერიძემ ამის უფლება არ მოგვცეს” – ხულოში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილებს ზარალს აუნაზღაურებენ
ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით დღეს მიმართეს. დაზარალებულებმა ის დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ოჯახებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობიდან, ასევე აჭარის მთავრობისგან შესაბამისი დახმარება გაეწევათ. ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ოჯახები, მერიის მიერ ქირით უკვე არიან უზრუნველყოფილი, მათ სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნებითაც დაეხმარნენ.
ხულოში ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული “რეგიონულ კვირასთან” მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ სტიქიამ რამდენიმე სახლი და დამხმარე ნაგებობა სრულად გაანადგურა.
“მოულოდნელად აღმოვჩნდით ღია ცის ქვეშ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზარალი დიდია. წლების განმავლობაში ნაშრომი ცეცხლმა შეიწირა. მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რაც მერიამ და უშუალოდ ვახტანგ ბერიძემ და მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაგვიწია, მათ ჩვენი გაჭირვება გულთან მიიტანეს და დახმარება იმ საღამოსვე აღმოგვიჩინეს. ეს ბევრს ნიშნავს, იმედი გადაწურული გვქონდა, თუმცა მათ არ მოგვცეს ამის უფლება“, – ამბობს შოთა მიქელაძე.
სტიქიის შედეგად კიდევ ექვსი ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, ერთ-ერთი მათგანი თემურ მიქელაძეს ეკუთვნის. ამბობს, რომ შესაბამისი ყურადღება ხულოს მერიისა და მთავრობის თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ მიიღეს.
“ღამის სამ საათზე გაჩნდა ცეცხლი, დახმარებისთვის დავრეკე 112-ში, მალევე მოვიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ხულოს მერი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რომ არა მათი დახმარება გაცილებით დიდი ზარალი მოგვადგებოდა, ცეცხლი მოედებოდა სხვა სახლებსაც. თორნიკე რიჟვაძე უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესში. გაგვიწიეს დახმარება, ამჟამად ქირით ვართ, ისევე როგორც სხვა დაზარალებული ოჯახები, ზარალის დათვლის შემდეგ დაგვპირდნენ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ მათი იმედი გვაქვს, მეტი არაფერი დაგვრჩენია. ვენდობით მათ სიტყვას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ იქნება”, – ამბობს თემურ მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ ხულოში სოფელ მეხალაშვილებში რამდენიმე დღის წინ 6 საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, საერთო ჯამში 7 ოჯახი დაზარალდა. შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. ადგილზე ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.