თბილისში დაგეგმილ აქციას ენმ-ს წევრები ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში მიმდინარე აქციას ქუთაისიდან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ახლად დაფუძნებული მოძრაობა “გაბედეს“ წევრები უერთდებიან.

“დღეს ვუერთდებით აქციას თბილისში. ქუთაისიდან მივდივართ, დაახლოებით, ორასი ადამიანი. უმეტესობა აქციაზე ბოლომდე დარჩენას და პარლამენტის შენობის პიკეტირებაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. დღეს ვუსმენდით ხელისუფლების განცხადებებს, სადაც დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეისმინა საზოგადოების მოთხოვნა. ვეცდებით, მაქსიმალურად ყველა მეთოდით, კანონის შესაბამისად, წნეხის ქვეშ გვყავდეს ხელისუფლება. ვეცდებით, რომ ის მოთხოვნები, რაც ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, მივაღებინოთ და გავათვალისწინებინოთ ხელისუფლებას”, – აღნიშნა ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ბრეგაძემ.

“რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა თბილისში მოძრაობა “გაბედე“, ამის მსგავსად ქუთაისშიც შეიქმნა მოძრაობა “გაბედე ქუთაისი”, რომელშიც სხვადასხვა პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან გაერთიანებული. ჩვენ ვგეგმავთ, სხვადასხვა დიდ ქალაქში მსგავსი ორგანიზაციების შექმნას. დღეს ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ თბილისში აქციას და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და ვებძოლოთ ამ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით”, – განაცხადა გაგი ახალაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მხოლოდ პიკეტირებით არ შემოიფარგლებიან და გაგრძელდება აქციები, რათა ბიძინა ივანიშვილს და მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს, დისკომფორტი შეუქმნან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები