მიხეილ ბატიაშვილი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის მასშტაბურ პროექტს განახორციელებს

რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამ მასშტაბურ პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების – “Microsoft”-ისა და “HP”-ის ჩართულობით განახორციელებს.

“BTU-AI” ინდუსტრიის ფუნდამენტური ცვლილებისთვის ემზადება, ეს იქნება რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს, ადგილი ექნება ინოვაციების გენერირებას, კვლევას, სწავლებას და განვითარებას. უნივერსიტეტი “BTU”-ს სივრცეში მაღალ ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, ერთიანი სამუშაო სივრცეებით, კვლევითი ცენტრით, ელექტრონული ბიბლიოთეკით,სასწავლო აუდიტორიებით და აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა საჭირო რესურსით იქნება წარმოდგენილი.
უნივერსიტეტის მიერ გაცხადებული გეგმები ასევე მოიცავს:

 

· “HP”-ისმძლავრი, მაღალი წარმადობის ტექნოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედებას.

· “Microsoft”-ის მიერ, სასწავლო და კვლევითი პროექტების უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებას. მათ შორისაა, “AI Business School”, “AI Academy” და სხვა;

· ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კონფერენციების, სამიტების და ვორკშოპების მოწყობას;

· საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნის მოწინავე ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ინტეგრირების ანალიზს, პერსპექტივების პროგნოზირებას და სხვა;

· ახალი სტარტაპების აქსელერაციასა და ინკუბაციას, საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის, “MBZUAI” -ს ინიციატივა 2019 წლის ოქტომბერში აბუდაბიში გაჟღერდა და ის ფუნციონირებას 2020 წლის სექტემბერში დაიწყებს.

“BTU AI” იქნება რეგიონის პირველი უნივერსიტეტი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწავლების, კვლევების და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2022 წლისთვის 4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მისი შესაძლებლობები გამოყენებული იქნება მსხვილი ინდუსტრიების მიერ წარმოების, ჯანდაცვის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების და სხვა სექტორების ეფექტიანობის გასაზრდელად.

ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა მსოფლიოში. კადრებზე მზარდმა მოთხოვნამ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროება გააჩინა, რომელსაც “BTU AI” სრულად დააკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები