ზუგდიდი კოლხური ღვინის პირველ ფესტივალს 24 ნოემბერს უმასპინძლებს (ვიდეო)
ზუგდიდი კოლხური ღვინის პირველი ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს. ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ღვინის 50-მდე კომპანიისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებიც მიიღებენ. მოეწყობა კომპანიების სივრცეები და სტუმრებს ასევე, საშუალება ექნებათ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში მიიღონ.
ზუგდიდი ღვინის ფესტივალს 24 ნოემბერს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა.