ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს და მისი თხოვნაა, სხვა მონასტერში მოხდეს მისი განმწესება.

” შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას, ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი. მარტივად დავთმე გუშინაც ეს ყველაფერი, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, გუშინაც წავიდოდი კომპრომისზე,” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პრემიერის განცხადებაც შეაფასა. მისი თქმით, პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა და მიიჩნევს, რომ ეს იყო 2020 -ის არჩვენებისთვის გაკეთებული განცხადება.

“ვისურვებდი, უფრო წინდახედული ყოფილიყო. რადგან, რომ გავა დრო არ შერცხვეს, ისე როგორც შერცხვათ მის წინამორბედებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გადატრიალება იგეგმებოდა, ციანიდის საქმიდან გამომდინარე,”- განაცხადა პეტრე ცაავამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე.

31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები