ჟურნალისტობიდან მხატვრობამდე – ბათუმელი ხელოვანის ისტორია, რომელიც თითებით ხატავს
ხატვა ბავშვობიდან იზიდავდა, ძირითადად პეიზაჟურ ნახატებს ქმნიდა. არასოდეს უფიქრია მისი ნიჭი განევითარებინა და სამხატვრო აკადემიაში სწავლა გაეგრძლებინა. პროფესიით ჟურნალისტმა ცხოვრება სხვა სფეროს დაუკავშირა, თუმცა მისთვის ხელოვნება ის ერთადერთი ძალაა, რაც ნებისმიერი ცხოვრებისეული და პროფესიული სირთულის დაძლევაში ეხმარება.
ბათუმელი თაკო მენთეშაშვილი სტილისტია. იგი წლების წინ სამოყვარულო დონეზე ხატავდა, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უსწავლია. მისთვის ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარული ზებუნებრივი ჯილდოა, რომელმაც მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი-ბავშვობა შემოინახა. თაკო მენთეშაშვილი ,,რეგიონულ კვირასთან“ თავის შემოქმედებაზე ყვება.
,,ბავშვობაში ვხატავდი, ჩემთვის ფუნჯები, სახატავი ფურცლები ყველაფერს ნიშნავდა. თუმცა მაშინ ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი, როგორც ნიჭს. ერთი სული მქონდა გაკვეთილებს როდის მოვამზადებდი, რომ მერე ხატვისთვის დიდი დრო დამრჩენოდა. არავის უსწავლებია რა როგორ უნდა დამეხატა, ჩემებურად როგორც მე აღვიქვამდი ისე ვქმნიდი ნამუშევრებს. მოხდა ისე, რომ ხატვას თავი დავანებე და თითქოს მივივიწყე ის ყველაფერი, რაც ერთ დროს ჩემთვის ნუგეშისმცემელი იყო. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობით ჩავაბარე. ახლა სტილისტი ვარ. ჩემს ახლანდელ საქმიანობაში ხელოვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რომ არა შემოქმედებითი ხედვა, ვერც ლამაზ ვარცხნილობას შექმნი. ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს“,- გვიყვება თაკო მენთეშაშვილი.
34 წლის ქალმა წლების შემდეგ, ხატვა ისევ დაიწყო. როცა ამის სურვილი გაუჩნდა, ერთ დროს მხატვრობით გატაცებულმა, აღმოაჩინა რომ სახლში არცერთი ფუნჯი არ მოეპოვებოდა. თუმცა ხატვის სურვილი იმდენად დიდი იყო, თაკომ გადაწყვიტა პეიზაჟი თითებით შეესრულებინა. მუშაობის პროცესმა იმდენად გაიტაცა დროის შეგრძნება დაკარგა და გათენებამდე ხატა. თაკოსთვის მოულოდნელი იყო ის რეაქციები, რომელიც ახლობლებმა მისი ნახატის ხილვისას გამოხატეს.
,,ხატვა ერთი წლის წინ დავიწყე, ეს იყო სრული გარდასახვა. ერთ დროს მივიწყებული საქმიანობის თავიდან დაწყება მომინდა. უბრალოდ ჩემთვის მინდოდა დამეხატა. ღამე იყო, ავდექი და აღმოჩნდა რომ არცერთი ფუნჯი არ მქონდა საღი. გადავწყვიტე თითებით დამეხატა. საბოლოო ჯამში ის გამოვიდა რასაც იმ მომენტისთვის განვიცდიდი. არც არავისთვის მიჩვენებია, უბრალოდ სახლში ახლობლებმა შეამჩნიეს და იძულებული გავხდი მეთქვა ამის შესახებ. როცა გაიგეს როგორ შევასრულე ჯერ არ დაიჯერეს მერე კი აღტაცებას ვერ მალავდნენ“,- ამბობს ხელოვანი.
უყვარს, როდესაც ამა თუ იმ საქმეს შეზღუდვებისა და წესების გარეშე ასრულებს, მისთვის სწორედ ხატვაა ის ერთადერთი, რაშიც უსაზღვრო თავისუფლებას გრძნობს. ერთი წლის განმავლობაში, თითებით შექმნა არაერთი ნახატი. მის საყვარელ ნამუშევარს კი სწორედ თავისუფლება დაარქვა და თავის საცხოვრებელში ყველაზე საპატიო ადგილი უჭირავს. ბუნებით რომანტიკოსი ქალი ცდილობს პეიზაჟების წყალობით, არაამქვეყნიური, ჯადოსნური სამყარო შეიქმნას, რაც დატვირთული რეჟიმისა და ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში არ არსებობს.