ხობში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი ქუთაისის “რეფერალურ საავადმყოფოში“ შეყვანამდე გარდაიცვალა.
ინფორმაცია „რეგიონულ კვირას„ საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა დაუდასტურა. შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭალადიდთან 30 ოქტომბერს ღამით სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად სატვირთოს მძღოლს კიდურები დაუზიანდა, რის გამოც ავტომანქანიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა და სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული მძღოლი თავდაპირველად ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადაყვანა ქუთაისის „რეფერალურ ჰოსპიტალში“ გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციითვე, დაშვებული პაციენტის დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მისი ბიოლოგიური სიკვდილი, ქუთაისის „რეფერალურ ჰოსპიტალში“ შეყვანისთანავე დადგა.
ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.