ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგების დღე 2-დღიანი ღონისძიებებით აღინიშნება
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეხუთე წელია მეტალურგების დღე აღინიშნება. პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. ფშქ-ის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, ინიციატორებმა ამ დღის აღნიშვნა ქარხანაში პირველი შენადნობის გამოშვების დღეს დაამთხვიეს.
“მეხუთე წელია, რაც ქართველმა მეტალურგებმა პროფესიული დღესასწაული დავაფუძნეთ. ეს დავამთხვიეთ პირველი შენადნობის გამოშვების დღეს და 30 ოქტომბერი ბოლო წლებია ქართული მეტალურგიის დღედ აღინიშნება. მე მინდა, ყველა მეტალურგს მივულოცო ეს დღე.
2019 წელი საკმაოდ წარმატებული გვქონდა. წლის ბოლოსთვის დაახლოებით 200 000 ტონა პროდუქციაზე ავალთ, ამ დროისთვის უკვე გამოშვებული გვაქვს 170 000 ტონა ფეროშენადნობი მასალა”, – თქვა ვასილ გველესიანმა.
მეტალურგების დღე 2-დღიანი ღონისძიებებით აღინიშნება. პირველი აქტივობა სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ღონისძიება იყო, რომელიც გიორგი ნიკოლაძის მემორიალთან, მისივე სახელობის სკვერში გაიმართა. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ბავშვს შეეძლო, ამასთან, ღონისძიების 3-საათიან აქტივობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ცხოვრება მშვენიერიას” ბენეფიციარებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მეტალურგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქარხნო ჩემპიონატებიც გაიმართა – ნარდში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და მინიფეხბურთში გამარჯვებულები “ჯორჯიან მანგანეზმა” მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
მეტალურგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღესაც გრძელდება და ქალაქის მასშტაბით უკვე ჩატარდა გარემოსდაცვითი ღონისძიება.
დღის ბოლოს ღონისძიებები სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდება.