აჭარის ფუტსალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია ტოტალიზატორებთან და კაზინოებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს
აჭარის ფუტსალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია, მისი ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე, უარს აცხადებს ითანამშრომლოს ტოტალიზატორებთან და კაზინოებთან.
ამის შესახებ ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი სხვა ფედერაციებსაც ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.
“მივიჩნევთ, რომ აზარტული თამაშების პროპაგანდა ვნებს ადამიანებს და ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოვუწოდებთ სპორტულ ფედერაციებს გაიზიარონ ჩვენი პოზიცია და შემოგვიერთდნენ. #არააზარტულთამაშებს” – წერია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აზარტული თამაშების რეკლამას აღარ გაუშვებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე მაუწყებელი მიმდინარე ვალდებულებებს შეასრულებს და 2020 წლის 1-ლი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.