ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების გადაადგილებას ატოცელები არ ადასტურებენ
ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშიას” ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ, ატოცელები არ ადასტურებენ. ადგილობრივების თქმით, რუს ჯარისკაცებს მავთულხლართები არ გადმოუკვეთავთ.
“რავიცი, წუხელ არაფერი შეგვინიშნავს, ვცხოვრობთ ჩვეულებრივ. რუსები თავიანთ ტერიტორიაზე დადიან, აქამდე არ ჩამოდიან. ჩვენც ვერიდებით ხაზთან ასვლას, შეიძლება დაგვაკავონ და 800 ლარი უნდა, რომ გამოგვიშვან”, – ამბობს გელა გელაშვილი.
“არაფერი მსგავსი არ გამიგია. ისინი დადიან მავთულხლართების იქეთ და ის, რომ სოფელში ჩამოვიდნენ ან რამე საშიშროება იყოს ეგეთი არაფერი ხდება აქ”, – ამბობს ჯუმბერ კარაპეტიანი.