“20 000-მდე ადამიანი დასაქმდება” – როგორ აფასებენ ადგილობრივები წყალტუბოს განვითარების პროექტს (ვიდეო)
წყალტუბოს განვითარების პროექტის შესახებ, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესაუბრენ.
პროექტის ფარგლებში, რომლის ხარჯებსაც ბიძინა ივანიშვილი სრულად დააფინანსებს, აღდგება და აშენდება წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 22 სანატორიუმს და ბალნეოლოგიურ აბანოებს მოიცავს. დამატებით მოეწყობა წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფეები და რესტორნები. შეიქმნება 15 000 – 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი წელიწადში 800 000-მდე გაიზრდება.
“ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება”,- აღნიშნულია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, პროექტი მათთვის მისასალმებელია, რადგან წყალტუბოს დაუბრუნდება ძირძველი ტურისტული, გამაჯანსაღებელი კურორტის ფუნქცია.
“ძალიან მოგვეწონა ეს ინიციატივა, კარგია ოღონდა რაღაც შესწორებები არის შესატანი. პირველ რიგში კარგია რომ ქალაქი გამოცოცხლდება, მეორე – დანგრევამდე მისული, თითქმის ხელოვნების ნიმუშები აღორძინდება და მესამე ახალგაზრდების ადგილზე “დამაგრება, სამუშაო ადგილები შეიქმნება”,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
წყალტუბოს განვითარების პროექტის შესახებ ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ წყალტუბოსთვის არამედ, მთელი იმერეთისთვის, რადგან 20 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
“ძალიან მიხარია რომ იმერეთი გახდა საუკუნო პროექტების ეპიცენტრი. წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს 22-ივე სანატორიუმის რეკონსტრუქციას, რომლებიც 30 წლის განმავლობაში იყო მიტოვებული და გაპარტახებული. მათ მიეცემა ახალი სიცოცხლე. ეს პროექტი არის შესაძლებლობა არამარტო წყალტუბოსთვის არამედ, მთლიანად იმერეთისთვის, რადგან დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანის დასაქმდება. ეს არის დიდი ნაბიჯი ეკონომიკური სტაბილურობისთვის არა მხოლოდ იმერეთის არამედ მთელი საქართველოსთვის”,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად საუბრობს წყალტუბოს განვითარების პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.