“გარკვეული ილეთები მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მომდინარეობს “- “განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ცეკვა “განდაგანას” და მის ხალხურ საწყისებს,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შეიქმნა განყოფილება, სადაც მიმდინარეობს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით კვლევები. აღნიშნულ განყოფილებას თემურ ტუნაძე ხელმძღვანელობს.

სწორედ მათ მიერ ხორციელდება ქართული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ირგვლივ მოკვლევითი სამუშაოები. უკვე ჩატარდა “განდაგანას” და ხალხური საწყისების შესახებ არაერთი კვლევა.

თავდაპირველად გვინდოდა, რომ ხალხური ცეკვების ხალხური ვარიანტები შეგვერჩია, თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ განდაგანა უნდა ყოფილიყო მოაზრებული არამატერიალურ ძეგლად. ეს ყველასათვის საყვარელი ცეკვაა, იგი გახალხურდა და სახელწოდებაც აქედან გამომდინარე შეირჩა “განდაგანა და მისი ხალხური საწყისები“. ჩვენმა განყოფილებამ დაიყო მუშაობა, რათა მომზადებულიყო შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი,“-ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და სარესტავრაციო ლაბორატორიის განყოფილების უფროსი.

სააგენტოს მიერ ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ ცეკვას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი “რეგიონულ კვირასთან საუბრისას აღნიშნავს ,”განდაგანაზე“ მუშაობა მკვლევარებისთვისა და ისტორიკოსებისთვის შრომატევადი აღმოჩნდა.

“არქივში ყველა დოკუმენტაციის შეგროვება და სოფლებში ვიზიტები თანამშრომლებმა განახორციელეს. დაახლოებით 7 თვის განმავლობაში ხდებოდა მასალების მოძიება. შრომატევადი საქმიანობის შემდეგ “განდაგანასა და მის ხალხურ საწყისებს” მიენიჭა არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობის სტატუსი. მკვლევარების დასკვნებით და წარმოდგენილი დოკუმენტაციებით დგინდება, რომ “განდაგანაში” ასახული გარკვეული ილეთები, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მომდინარეობს, “-აცხადებს ზაურ ახვლედიანი.

ცეკვა “განდაგანა” აჭარული ცეკვების ერთ-ერთი სახეობაა .იგი სატრფიალო ხასიათის ცეკვაა, რომელიც თავდაპირველად “ჯაყდანანას” და “თარნანინას” სახელწოდებით იყო ცნობილი. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, ცეკვები ქორეოგრაფმა და სახალხო არტისტმა ენვერ ხაბაძემ გააერთიანა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მათი კომბინაცია, რითაც დაიდგა სასცენო-საცეკვაო წარმოდგენები. თავიდან “განდაგანას” მხოლოდ მამაკაცი ასრულებდა, ხოლო როგორც ქალ-ვაჟთა სატრფიალო ცეკვა, პირველად სცენაზე 1946 წელს შესრულდა. იგი ამჟამად როგორც ცალკე წყვილის, ასევე მოცეკვავეთა ჯგუფისა და მთელი მასის მიერ სრულდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები