“ხელოვნების გარდა, ჩემთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – თვითნასწავლი მხატვარი ლენტეხიდან, რომლის 4 ნახატი მსოფლიო კატალოგშია შესული
ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭველიერში მცხოვრები 73 წლის მალვინა მუკბანიანი თვითნასწავლი მხატვარია, რომლის 4 ნახატიც სამხატვრო ნამუშევრების მსოფლიო კატალოგშია შესული.
მალვინა მუკბანიანი “რეგიონულ კვირასთან” ბავშვობას იხსენებს. ყვება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, იმის გამო, რომ იმ პერიოდში ხელოვნებათმცოდნეობა არ ისწავლებოდა და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაც ვერ გარისკა, ბიოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჭველიერის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ 48 წელი გავიდა და ამ პერიოდში მრავალი თაობა აღზარდა. ბოლო ერთი წელია სკოლაში მხოლოდ ბიოლოგიას ასწავლის, მანამდე ხატვის გაკვეთილებსაც ატარებდა და არაერთი მოსწავლე გამოზარდა, რომლებმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრეს. ერთ-ერთი ბოლო მოსწავლე, ამჟამად მესამე კურსზეა და როგორც თავად გვიყვება, მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
თვითნასწავლ მხატვარს პირველი გამოფენა საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა თბილისში, ცისფერ გალერეაში მოუწყო, გამოფენა ერთ კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა დამთვალიერებლების დიდი მოთხოვნის გამო, ერთ თვეს გაგრძელდა. ამის შემდეგ, 2000-იან წლებში მისი ოთხი უნიკალური ნახატი პოლონურ კატალოგში მოხვდა და ზუგდიდში ჩამოსულმა პოლონელებმა მალვინა მუკბანიანს დიადი მომავალიც უწინასწარმეტყველეს. რამდენიმე წლის წინ კი თვითნასწავლ მხატვარ ქალებს შორის ჩატარებულ კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა და ლაურეატი გახდა, რის შემდეგაც მისი ნამუშევრები – „დალი“; “ნატურმორტი“; “ბებიას ხელსაქმე“ და „უშგულის ერთი ხედი“ – სამხატვრო ნამუშევრების მსოფლიო კატალოგში შეიტანეს.
მალვინა მუკბანიანი ლექსებსაც წერს – 2 საავტორო კრებული, 4 კი სხვა პოეტებთან ერთად გამოსცა. ამბობს, რომ ლექსის წერა უფრო მარტივი ეჩვენება ვიდრე ხატვა.
„მუზა იცით რა არის? განწყობა, აი რაღაც განწყობა შეგექმნება და შიგნიდან გაქვს მოთხოვნა, ეს განწყობა რამეში ჩადო, ასახო, გადმოსცე. როცა სვანეთში რამე ძველი ტრადიცია დავიწყებას ეცემა და ის არსადაა ასახული, მინდა დავწერო, ან დავხატო, ჩვენთან არის ასეთი ტრადიცია – სულების კვირა, ამ დროს ოჯახის უფროსი, სათანადოდ შემოსილი, მუხლებზე დავარდნილი სთხოვს ღმერთს სვანურად -„ღმერთო, ამ ერთი კვირის მანძილზე ჩვენი ოჯახიდან გარდაცვლილი სულები გამოუშვი, რომ შინ პატარა ხანი დაჰყონო“ და მთელი კვირის განმავლობაში უძვირფასესი პურმარილით „ვუმასპინძლდებით“ მათ, დიდ ხანს ვხატავდი „სულების კვირას სვანეთში“, ნახატით ძალიან დაინტერესდა ფოლკლორის ცენტრი და 1700 მხატვარში გამომარჩიეს, ფულადი ჯილდოც გადმომცეს, გამიხარდა, რომ დამაფასეს.
ლექსები ძირითადად სამშობლოზე, მისი მიწების მუდმივი შენარჩუნების მოტივებზე მეწერება. გარეჯის თემა ძალიან მეტკინა და ლექსიც მივუძღვენი – „რამდენმა წარღვნამ აღგვგავა მიწით, და მაინც შევრჩით ნოეს კიდობანს”.
ასე ვწერ და ვხატავ – ხელოვნებით ვცხოვრობ, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მისწრაფება ხელოვნებაა, იგია მაცოცხლებელი ძალაც, თვითგამოხატვის უდიდესი საშუალებაც, მემკვიდრეობაც, სხვა დანარჩენი კი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
ცხოვრების გზაზე, ზოგი გაგიგებს, ზოგს არ მოეწონები,მთავარია ჩემს საქმეს – ხელოვნებას ვემსახურო ყოველდღე და დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს“, – ამბობს მალვინა მუკბანიანი.
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, მალვინა ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლადაც მუშაობს. ნახატების დიდი ნაწილი მუზეუმში აქვს, ზოგიც სოფლის სახლში, ბევრი მათგანი კი გააჩუქა. ამბობს, რომ გაყიდვა არ უყვარს, ურჩევნია, გააჩუქოს ან თავად დაიტოვოს, ამიტომაც ახლა მხოლოდ 35 ნახატი აქვს შემორჩენილი.