ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი: მუშის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი

ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც ჰოსპიტლის დირექტორი, ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
“მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, ღვიძლი, ასევე მიღებული ჰქონდა ძვლების მასობრივი ტრავმა. ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე წინა მხარი ჰქონდა მოტეხილი, ჩაუტარდა გადაუდებლად ინტრავენული სისხლდენის შეჩერება, ძვლების და მენჯის ფიქსაცია, წინა მხრის და ბარძაყის ფიქსაცია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე ემუქრება”,-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

მშენებარე კორპუსიდან მუშა გუშინ გადმოვარდა.

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის დასაქმებული იყო. მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია “თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები