ადიგენის მუნიციპალიტეტში № 3 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა.  ნოდარ არალიშვილმა  საჭირო პროცედურები ყველა წესის დაცვით გაიარა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის საარჩევნო უბანი 8:00 საათზე გაიხსნა და არანაირ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

საკრებულოების შუალედური არჩევნები  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში დაინიშნა.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად; ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

07:00 საათიდან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ლაგოდეხში: მალხაზ მელაშვილი – „ევროპული საქართველო“, დავით ბეგლარიშვილი – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, ომარ შველიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ადიგენში: ზურაბ ფეიქრიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მარტვილში: რობერტ კაკულია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები