თორნიკე რიჟვაძე: მოქალაქეებს როგორც კარგი ინფრასტრუქტურული გარემო, ასევე იმ სერვისების განვითარება სჭირდებათ, რაც მათ სოფლად ცხოვრებას გაუადვილებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებებს შეხვდა. ალამბარი, ზენითი, აჭყვისთავი – ეს ის სოფლებია, სადაც თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან, ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლებსა და აჭარის ეკონომიკის მინისტრთან ერთად რეგიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო. შეკრებილებმა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.
მზია ხინიკაძე ალამბრის სკოლაში წლებია ასწავლის. მან დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს სკოლის სააქტო დარბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება სთხოვა. ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელში მოსწავლეთა განვითარებისთვის მსგავსი აქტივობის განხორციელება აუცილებლობას წარმოადგენს.
,,გლეხს მხარდაჭერა ყოველთვის სჭირდება, სასოფლო საქმეების ხელშეწყობა და დაფინანსება სოფლის გაძლიერების წინაპირობაა. თავმჯდომარეს ვთხოვეთ, სკოლის სააქტო დარბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც მოსწავლეების განვითარებას ხელს შეუწყობს. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ბევრი რამ კეთდება. მაგალითად, სოფელში გზა და წყალი. ძალიან აქტიური და ახალგაზრდა მთავრობა გვყავს, მხოლოდ საყვედურით არ შეიძლება ისაუბროს ადამიანმა. მათი დამსახურებით წელს სკოლებმა კარგი წიგნები მივიღეთ, 28 წელია ბიბლიოთეკას ასეთი ქართული და მსოფლიო ლიტერატურა არ ჰქონია. კმაყოფილები ვართ. ერთადერთი რაც არის გაზიფიცირება ჰქონდეს ყველა სოფელს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება მოსახლეობის ხარჯები“, – ამბობს მზია ხინიკაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის შეხვედრები აქამდეც აქტიურად მიმდინარეობდა. რომლის მიზანიც ყველა სოფლის პრობლემის იდენტიფიცირებაა.
,,მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტის ფორმირების პროცესი. უპირველესი მიზანი არის, შეძლებისდაგვარად, ყველა საჭიროების გათვალისწინება 2020 წლისათვის. დღეს შევხვდით ალამბრის, ზენიტისა და აჭყვისთავის მოსახლეობას. სხვადასხვა სახის პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც უკავშირდება შიდა გზების მოწესრიგებას, ასევე სხვადასხვა დაწესებულებების სარემონტო სამუშაოების საჭიროებებს. ყველა მათგანი თანდათანობით მოგვარდება. რაც დაწყებულია, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
მთავრობის თავჯდომარეს თქმით, 2020 წლისთვის ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება გათვალისწინებული, რაც დღეს უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა.
,,დაისვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დროულ მოგვარებას საჭიროებს. 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გავითვალისწინებთ. მოქალაქეებს როგორც კარგი ინფრასტრუქტურული გარემო სჭირდებათ, ასევე იმ სერვისების განვითარება, რაც მათ სოფლად ცხოვრებას გაუადვილებთ. ამ პრობლემების ოპერატიულ მოგვარებაში ხელისუფლების ყველა რგოლი ჩართული იქნება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება. ქობულეთის ,,გამაჯანსაღებელი ცენტრი“- ჩეხურ-სლოვაკური კომპანიის ევროპული ინვესტიციაა, რომელიც 500-მდე ადამიანს დაასაქმებს. ასევე, მოეწყობა გოლფის მოედნები, რაც თავმჯდომარის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები