ვახტანგ გომელაური: ზუგდიდში გახსნილი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა უნიკალურია თავისი დეპოებითა და მაღალი დონის ტექნიკით

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, ზუგდიდში გახსნილი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა უნიკალურია თავისი დეპოებითა და მაღალი დონის ტექნიკით. როგორც მან აღნიშნა, ასეთი შენობა საქართველოს მასშტაბით აქამდე არ არსებობდა.
“რაც ვნახეთ, ასეთი შენობა საქართველოში მართლა არსად არ გვაქვს, უნიკალურია თავისი დეპოებით, თავისი მაღალი დონის ტექნიკით. აქ განთავსდება სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, ქიმიურ-ბიოლოგიური მიმართულებით ვინც იმუშავებს.
მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ერთ-ერთი შენობაა, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი აქვს და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი აქედან ადამიანების გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით, სამაშველო-სახანძრო ოპერაციების დროს.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ზუგდიდის მოსახლეობისთვის ეს. მინდა მივულოცო ჩვენს თანამშრომლებს დღეს ვინც აქ არიან და ახალ შენობაში დაიწყებენ მუშაობას ახალი ენთუზიაზმით, კარგი განწყობით შეეცდებიან გვერდში დაუდგნენ ყველა მიმართულებით, საჭიროება იქნება, ხანძარი იქნება, სამაშველო მიმართულება იქნება თუ სხვა.
ზუგდიდელებს და მთელ სამეგრელოს მივულოცავ და ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი შენობა საქართველოს მასშტაბით არ გვაქვს არსად”,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები